თბილისში თამარაშვილის ქუჩა გადაიკეტება

შეზღუდვა კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოებს უკავშირდება
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. თამარაშვილის ქუჩაზე, რომელიც ვაკისა და საბურთალოს რაიონებს აკავშირებს, სამი დღით დაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების პერიოდში, 1, 2 და 3 სექტემბერს, 06:00-დან 12:00 საათამდე.
მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან გიორგი წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის გამოყენებით, ვერეს ხეობის მიმართულებით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გავლით.
უწყების ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, N531 მიკროავტობუსი და ავტობუსები: N301, N311, N334, N358, N383, N387, N388, N397 უნივერსიტეტის ქუჩიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შემდეგ კი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისკენ გადაადგილდებიან, გაივლიან ავალიშვილის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.