თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბოლო ლაბორატორიულმა კვლევებმა 15 და 19 აგვისტოს აჩვენა, რომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა – გარდა ზღვაში უხეში მექანიკური მასალის შემოტანისა, გაჩნდა წყლის ბაქტერიოლოგიური დაბინძურების საფრთხე.
აჭარაში ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლების მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება.
„კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია", – აღნიშნულია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო თავიდან შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და ანაკლია–განმუხურის ტერიტორიაზე კიდევ 3 წერტილი დაემატა. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.
სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.