თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ივლისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2023 წლის იანვარი–ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,2% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის ივლისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებმა, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის დარგებმა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა გადამამუშავებელი და სამთო მომპოვებელი მრეწველობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროებში.
რა გაიზარდა და რამდენით
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 2023 წლის 7 თვეში 16% შეადგინა, იმპორტის – 19%.
გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 5,8 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 1,2%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მოცულობა გაიზარდა 3%-ით და თითქმის 12 მლრდ კარს მიუახლოვდა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, ზრდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში ძირითადად განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლების გაზრდით.
სამშენებლო სექტორში ზრდა ძირითადად უკავშირდებოდა შენობების სამშენებლო პროექტების შემუშავებას, ასევე გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობას. „საქსტატის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივლისში ცემენტისა და კლინკერის იმპორტი თითქმის 26%-ით გაიზარდა.
ვაჭრობის სექტორში ზრდა განაპირობა ავტომობილებით, მისი სათადარიგო ნაწილებითა და აქსესუარებით ვაჭრობის მოცულობის ზრდამ. ივლისში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ გაიზარდა. განსაკუთრებული ზრდა ყაზახეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით დაფიქსირდა.
გაიზარდა კვების პროდუქტებით, სასმელით, თამბაქოთი და კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის მოცულობები.
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორების ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ბიზნეს მენეჯმენტის საკონსულტაციო საქმიანობასთან, ასევე არქიტექტურულ საქმიანობასთან და სარეკლამო სააგენტოების სფეროს გაფართოებასთან.