თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საზღვარგარეთ მთავრობის უარის მიუხედავად გაემგზავრა, მხოლოდ და მხოლოდ კერძო ვიზიტს ახორციელებს, ამის შესახებ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ განაცხადა.
ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს გაემგზავრა ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. მმართველ პარტიაში ამას კონსტიტუციის დარღვევა უწოდეს, ეს კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის ორიდან ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.
„ქალბატონი ზურაბიშვილი ახლა მხოლოდ საკუთარ თავს წარადგენს, ეს არის კერძო პირის ვიზიტი. მისი აზრები და მოსაზრებები კერძო პირის აზრებია, რომელიც არ ასახავს საქართველოს ხელისუფლების თანხმობას და პოზიციას", - განაცხადა მამრაძემ.
პოლიტოლოგის თქმით, ზურაბიშვილის ქმედებებს მხარს უჭერს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია, რომელმაც არაერთი დანაშაული ჩაიდინა სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
„როცა ისინი ვინმეს მხარს უჭერენ, მაშინვე ჩნდება კითხვა: ასეთს რას აკეთებს ეს ადამიანი?“ - განაცხადა მამრაძემ.
როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტს საზღვარგარეთ მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იქნა მიღებული.
„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.