თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წელს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ევროკავშირის ქვეყნებში, წინა წლებთან შედარებით, 40 პროცენტით გაიზარდა, ნათქვამია არასამთავრობო უფლებადამცველი ჯგუფი Global Witness-ის ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის იანვარი–ივლისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ნახევარზე მეტი შეისყიდეს.
„2023 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებმა 22 მილიონი კუბომეტრი გათხევადებული ბუნებრივი აირი შეიძინეს. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 15 მილიონ კუბომეტრს შეადგენდა. ზრდა 40%-ია. <...> Global Witness-ის პროგნოზით. ევროკავშირის შესყიდვები 2023 წელს 5,29 მილიარდ ევროს მიაღწევს“, – წერია ანგარიშში.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ რუსული გათხევადებული გაზის ყველაზე მსხვილი მყიდველები მას შემდეგ, რაც მილსადენის გაზის მიწოდებების ჯაჭვი ჩამოიშალა, ჩინეთი, ესპანეთი და ბელგია გახდნენ. თუმცა, როგორც The Guardian წერს, ესპანეთი და ბელგია, სავარაუდოდ, არ არიან ამ გაზის ძირითადი მომხმარებლები — მათი შესყიდვები ბლოკის დანარჩენი ქვეყნების მიერაა უზრუნველყოფილი.
Global Witness-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთისგან ბუნებრივი აირის შეძენა ფაქტობრივად აფინანსებს ომის გაგრძელებას უკრაინაში, რადგან 2023 წლის განმავლობაში რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან გათხევადებული გაზის სანაცვლოდ დაახლოებით 5,3 მილიარდ ევროს მიიღებს.
ამასთან აღინიშნება, რომ 2022 წელს რუსეთი თხევადი გაზის მესამე მიმწოდებელი იყო ევროკავშირში — აშშ-ისა და კატარის შემდეგ. მაშინ ევროპაში რუსული გაზის ძირითადი მყიდველები იყვნენ საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდი.