თავშესაფარს აღარ მიანიჭებენ: გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

2022 წელს გერმანიას თავშესაფრის თხოვნით საქართველოს 9 ათასამდე მოქალაქემ მიმართა.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. გერმანიის მთავრობამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა, იუწყება „პირველი არხი“.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება, თუ მის მოქალაქეებს არ ემუქრება დევნა რომელიმე რასის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური ჯგუფის კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.
შესაბამისად, რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი აღარ მიენიჭებათ, ხოლო თავშესაფრის მინიჭების თხოვნის განაცხადის განხილვის დრო შემცირდება.

გერმანიამ უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოლდოვაც შეიყვანა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებზე 99,9%-ზე უარყოფითი პასუხი იყო გაცემული.

გასულ წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 8.865-მა და მოლდოვის 5.218-მა მოქალაქემ მოითხოვა.
მანამდე საქართველო უსაფრთხო ქვეყნად უკვე აღიარეს ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნიდერლანდმა, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ, ლიხტენშტეინმა და ისლანდიამ.
დღეისათვის საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს შეთანხმება არალეგალი მოქალაქეების რეადმისიის შესახებ. 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით გერმანიიდან საქართველოს 788 მოქალაქე გააძევეს.
2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოკლევადიანი მოგზაურობის უფლება (ჯამში 90 დღე 180 დღის განმავლობაში) ტურისტული, საქმიანი და ახლობლების მონახულების მიზნით.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან ასეთმა დარღვევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უვიზო რეჟიმს.
ქვეყანაში მიღებულია არაერთი ზომა სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად. კერძოდ, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად ამ მოქალაქეებს ეკისრება.
გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა, დაწესდა სისხლის სამართლის სასჯელი არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის.