თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. მთვარეზე წარმატებული მისიის შემდეგ ინდოეთი მზისკენ პირველი კოსმოსური ხომალდის გაგზავნას აპირებს, იუწყება ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაცია (ISRO).
ISRO-ს ცნობით, ავტომატურ სადგურ Aditya-L1-ს კოსმოსში 2 სექტემბერს, თბილისის დროით 10:20 საათზე გაუშვებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კოსმოსური აპარატი სისტემა მზე-დედამიწის ლაგრანჟის 1 (L1) წერტილის გარშემო ჰალო ორბიტაზე იქნება გაყვანილი, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული.
„L1 წერტილის გარშემო ჰალო ორბიტაზე მდებარე თანამგზავრის მთავარი უპირატესობა მზეზე უწყვეტი დაკვირვება იქნება ყოველგვარი დაჩრდილვის გარეშე. ეს მზის აქტივობაზე და კოსმოსურ ამინდზე მის გავლენაზე რეალურ დროში დაკვირვებას გახდის შესაძლებელს“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მანამდე, 23 აგვისტოს ინდური სადგური „ჩანდრაიან-3“-ის მოდული წარმატებით დაეშვა მთვარეზე. მომდევნო დღეს, 24 აგვისტოს სადგურის ბორტზე არსებულმა მთვარემავალმა „პრაგიანმა" პირველად გაიარა მთვარის ზედაპირზე.
ინდოეთი პირველი ქვეყანაა, რომლის აპარატმაც მთვარის სამხრეთ პოლუსზე რბილი დაშვება განახორციელა. ამის შემდეგ 23 აგვისტო ინდოეთში კოსმოსის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.