თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" ფარგლებში გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვარში ურმის ფორმის ბიბლიოთეკა გაიხსნება.
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე პროექტ „ეკვილიბრიუმს" მრავალი წელია უდგას სათავეში. „ეკვილიბრიუმი" საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სასარგებლო და აქტუალური პროექტია. ამ პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლის სკოლებს წიგნებითა და კომპიუტერებით ამარაგებენ. და ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ კეთდება.
„ძალიან მალე გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ურემ-ბიბლიოთეკას გავხსნით ამ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად: მიშა არობელიძე და მისი იაპონელი მეუღლე, ჩიკა ოგი სწორედ ამ სოფელში დასახლდნენ და ფანტასტიკური სივრცე Chamo – „ჩამო" მოაწყვეს, რომლის მეგობარიც დღეიდან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა გახდა", – დაწერა კეკელიძემ.
ბიბლიოთეკის გარდა, კეკელიძის თქმით, „ჩამოს" სივრცეში პერიოდულად ლექციების სერიაც გაიმართება.
„ეკვილიბრიუმის" ფარგლებში ქალაქებისა და სოფლების სკვერებში ეწყობა ბიბლიოთეკები განსხვავებულ ფორმებში. მაგალითად, სამტრედიაში მოეწყო ბიბლიოთეკა-ველოსიპედი, ბათუმში – ბიბლიოთეკა-გემი, ჭიათურაში – ბიბლიოთეკა-ვაგონი, თელავში – ბიბლიოთეკა-კასრი, შუხუთში – ბიბლიოთეკა-ლელო და ა.შ.
გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი, პრემია "საბას", "ოქროს ფრთის" ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელია, რომელიც აქტიურად ეწევა კითხვის პოპულარიზაციას. იგი 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია.