თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
„თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხვრა“, – აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 72 22 22.
ამასობაში სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ წყლით თითქმის დაფარული მანქანები დატბორილ გზებზე გადაადგილდებიან.