თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. კახეთში ღვინის ქარხნებმა ადგილობრივი ფერმერების მიერ ჩაბარებული 2,5 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
კახეთში ყურძნის მოსავლის აღება და დაბინავება, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყო. მომავალი კვირიდან რთველის პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში გადავა კახეთის სხვა რაიონებში.
„ვხედავთ როგორი გაზრდილია მოსავლიანობა ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც ექსპორტის ზრდამ და დარგის განვითარებამ განაპირობა. რთველი არის სამეურნეო პროცესი, რომელიც, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადების მიუხედავად, წელსაც წარმატებული იქნება და არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩებათ მევენახეებს ჩაუბარებელი", – განაცხადა მეხუზლამ.
თელავში „რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს გაუწევს ორგანიზებას, 24 აგვისტოს გაიხსნა. ამ ეტაპზე საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 110 ღვინის საწარმო, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძენს შეისყიდიან.
მეღვინეობის დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ წელსაც მიიღო ყურძნის მოსავლის სუბსიდირების პროგრამის განხორციელების გადაწყვეტილება.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის" და/ან „კახური მწვანის" ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ „რქაწითელისა" და 1 კგ „კახური მწვანისთვის" 20 თეთრს შეადგენს.
გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმო მზად არის მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა, და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.
მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავებაში წელს ღვინის 500-მდე საწარმო იქნება ჩართული. მოწეული ყურძნის ჩაბარება განხორციელდება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე.
გასულ წელს საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 256,5 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი გადამუშავდა, ხოლო მევენახეების საერთო შემოსავალმა 320,7 მლნ ლარს მიაღწია.