სიტუაცია შიომღვიმეში ქვათაცვენის შემდეგ: ბოლო მონაცემები

უახლოეს მომავალში მომზადდება დასკვნა იმ პროცესების შესახებ, რამაც მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ქვათაცვენის შემდეგ მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
ინფორმაცია შიომღვიმის მონასტერთან ქვათაცვენის შესახებ 27 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა. არ დაშავებულან არც ადამიანები და არც ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსის ნაგებობები. თუმცა, კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდული იყო.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის გატანა ხევის ტერიტორიიდან. გზის კონკრეტულ მონაკვეთზე, სადაც კლდის ნაწილი ჩამოინგრა, ნაწილობრივი შეზღუდვები დაწესდა.
რამდენად უსაფრთხოა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორია – სპეციალისტების აზრი >>
პარალელურად გეოლოგები კვლევით სამუშაოებს ატარებენ და უახლოეს მომავალში მომზადდება დასკვნა იმ პროცესების შესახებ, რამაც გამოიწვია მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამონგრევა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფის პირველადი შეფასებით, შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ფერდობზე ჩამოინგრა სხვადასხვა შემადგენლობის მასა (ქვიშაქვები, კონგლომერატები).
ჩამონგრეული მასა მიმდებარე ხევში ჩაიყარა და ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია.
როგორც მანამდე შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ განაცხადა, მისი მონასტერში ყოფნის ათი წლის განმავლობაში ქვათაცვენა ყოველწლიურად ხდება. მისი თქმით, აქამდე მღვდელმსახურები ტერიტორიას დამოუკიდებლად წმენდნენ ხოლმე.
შიომღვიმის მონასტერი ქალაქ მცხეთიდან ცხრა კილომეტრში, მთაში მდებარეობს. ის ისტორიული ძეგლია, რომელსაც ყოველთვის ბევრი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს.
მონასტერი ზღვის დონიდან დაახლოებით 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი 560 წლის შემდეგ დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, წმინდა შიომ. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონასტერია მცხეთისა და თბილისის მიდამოებში.