თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საზოგადოება, რომლისთვისაც თავად საპენსიო ფონდი სიახლეს წარმოადგენს, არ არის მზად პროფესიულად განიხილოს საპენსიო დანაზოგების პორტფელის შეცვლის და განსხვავებული საინვესტიციო რისკის მქონე პორტფელის შერჩევის შესაძლებლობა, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტი საპენსიო სიახლის გადავადების შესახებ კანონპროექტს მიიღებს - დაგროვებითი საპენსიო სისტემის ყველა მონაწილე 2028 წლის 1 იანვრამდე შეინარჩუნებს დაბალი საინვესტიციო რისკის მქონე პორტფელს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, მიიღონ შეგნებული გადაწყვეტილება რისკების პორტფელთან დაკავშირებით.
„საზოგადოება, ვისთვისაც ახალია თავად საპენსიო ფონდი, არ არის მზად იმისთვის, რომ ეს პაკეტები განიხილოს პროფესიონალურად. აქედან გამომდინარე, გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რათა ადამიანებმა საკანონმდებლო ინიციატივები გაითავისონ კიდეც და, რაც მთავარია, ამ პერიოდში არანაირი რისკი მათ დანაზოგს არ ჰქონდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.
საინვესტიციო პორტფელის შეცვლის იდეას მან პოზიტიური უწოდა.
„ძალიან პოზიტიურია მთელი რიგი მოსაზრებები, რომ 2024 წელს ამოქმედებულიყო, თუნდაც ის, რომ რისკიან პაკეტში გადასულიყო ვიღაცის დანაზოგები, რომ მეტი მოგება ჰქონოდათ, - განმარტა მან.
ვოლსკის თქმით, ჩვენი სახელმწიფო ახალ ეტაპზე გადავა 2028 წლიდან, როდესაც რეალურად პენსია ექნება ხალხს და არა სოციალური დახმარება, რისი სახეც აქვს დღევანდელ დღეს.
სიახლის არსი
6 აგვისტოს სიახლის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს 6 სექტემბრამდე ეძლეოდათ საშუალება თავად აერჩიათ საკუთარი საინვესტიციო პორტფელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სქემა ამუშავდებოდა: 40 წლამდე – მზარდი საინვესტიციო პორტფელი, რომელიც მაღალ რისკთან არის დაკავშირებული; 40-დან 50 წლამდე – შერეული, ანუ საშუალო რისკით; 50 წელი და ზემოთ – სტაბილური საინვესტიციო პორტფელი დაბალი რისკით.
მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში 1,4 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული, საპენსიო დანაზოგების პორტფელის შეცვლის სურვილი 25 აგვისტოსთვის მხოლოდ 4 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა.
მოსახლეობის ნაწილმა, ასევე როგორც ოპოზიციამ, უკმაყოფილება გამოთქვა სიახლესთან დაკავშირებით და საპენსიო სააგენტოს მოქალაქეების არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო უსაყვედურეს. უკმაყოფილება გამოიწვია იმანაც, რომ შესაბამისი რისკის მქონე პორტფელის ონლაინ-არჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, საიტი შეფერხებით მუშაობდა, ხოლო ონლაინ განაცხადის გასაკეთებლად ელექტრონული ხელმოწერაც იყო საჭირო.
რაც შეეხება იუსტიციის სახლებში ვიზიტებს, რიგების გამო არც თუ ისე ადვილი იყო ადგილზე რისკის პორტფელის საკითხის გადაჭრა, ამიტომ ბევრი უბრალოდ დროულად ვერ შეძლებდა ზომების მიღებას თავის დანაზოგებთან დაკავშირებით.
ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობს აქტივების განაწილებაში, რაც თავის მხრივ გრძელვადიან პერსპექტივაში განსხვავებულ შემოსავალს უკავშირდება.
ამავდროულად, არცერთი პორტფელი არ ითვალისწინებს დანაზოგის დაკარგვას და განსხვავდება მხოლოდ საპენსიო აქტივების ზრდის ტემპით. ამასთან, საპენსიო სქემაში ჩართულ მონაწილეებს უფლება აქვთ წელიწადში ერთხელ შეცვალონ საინვესტიციო კატეგორიები.
საპენსიო სქემა
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ამ დრომდე საპენსიო დანაზოგები განთავსებული იყო საბანკო დეპოზიტებსა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში.
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულება, 30 ივნისის მდგომარეობით, 3,63 მილიარდი დოლარია.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.