თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტი, რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესიას 5 სექტემბერს პლენარული ხდომით გახსნის, იუწყება „პირველი არხი“.
პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს.
საშემოდგომო სესიის მსვლელობისას დეპუტატები მოისმენენ სახელმწიფო უწყებების საქმიანობის წლიურ ანგარიშებს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს.
სესიის ფარგლებში დაიგეგმება მინისტრის საათის ფორმატები. რეგლამენტის მიხედვით, თითოეული მინისტრი წელიწადში ერთხელ საკანონმდებლო ორგანოში გამოდის მინისტრის საათის ფარგლებში და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარადგენს. გარდა ამისა, მინისტრის მიწვევა შეუძლია დეპუტატების ჯგუფს, რათა მან წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს უპასუხოს.
ამას გარდა ოპოზიცია მთავრობის წევრების, მათ შორის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოსმენას ითხოვს ინტერპელაციისა და საკომიტეტო ფორმატშიც.
ინტერპელაცია არის ფორმატი, რომლის დროსაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს დეპუტატთა ჯგუფის შეკითხვებს, რომელიც, სულ მცირე, შვიდ კაცს ითვლის.
დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მისვლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ მოითხოვეს, მათ კითხვები რიკოთის გზის მშენებლობის შესახებ აქვთ.
რიკოთის უღელტეხილი მარტის ბოლოს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო დაიკეტა. ამჟამად გზაზე შეზღუდვები მოქმედებს.