თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ქობულეთელ ავთანდილ ცხვედიანს, რომელიც ზღვაში შტორმის დროს ძაღლების გადარჩენის დროს დაიღუპა, ქალაქის ერთ-ერთ სკვერში ძეგლი დაუდგეს, წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი რუსო დავითაძე.
ავთანდილ ცხვედიანი 2019 წლის 5 აგვისტოს დაიღუპა 51 წლის ასაკში. ზღვაში შესული მისი ძაღლები ჯესი და ბასტი დიდი ტალღებისა და ქარის გამო ნაპირზე ვერ გამოდიოდნენ. მამაკაცი მათ გადასარჩენად ზღვაში შევიდა. ერთი ძაღლი გადაარჩინა, მაგრამ წყალში მეორედ შესვლისას სტიქიას ვეღარ გაუმკლავდა. საინტერესოა, რომ მეორე ძაღლმა დამოუკიდებლად მოახერხა წყლიდან გამოსვლა და რამდენიმე საათში სახლში დაბრუნდა.
„ეს ადამიანი ქობულეთელი პიროვნება იყო – ავთანდილ ცხვედიანი, რომელიც ძაღლების გადასარჩენად შევიდა... ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ქობულეთში მას ძეგლი დაუდგა, რომელიც ამ დღეებში საჯაროდ გაიხსნება“, – დაწერა დავითაძემ.
უფრო ადრე ქობულეთის მერიამ დაღუპულის ძეგლის პროექტზე კონკურსი გამოაცხადა. მემორიალის საერთო ღირებულება 6 ათასი ლარია.