ტრაგედია შოვში: სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ბოლო მონაცემებით, მეწყრის ჩამოწოლის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიებზე აღმოჩენილია 31 ადამიანის ცხედარი.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მაშველები ორ დაკარგულ ადამიანს ისევ ეძებენ, განაცხადა ონის მერმა სერგი ხიდეშელმა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. მაშველებმა პირველივე დღეებში სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, აქედან 29 იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს ორი ადამიანის დნმ-ის კვლევა.

„ამ დროისათვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ორი მცირეწლოვნის საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას, ამ საკითხებზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი პოვნის მცირედი შანსი იარსებებს“, – განაცხადა ხიდეშელმა.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში სამძებრო არეალი გაზრდილია, მაშველები, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების გარდა, მუშაობენ გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
უსაფუძვლო და უადგილოა: „ქართული ოცნება" შოვის ტრაგედიაზე კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს>>>
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.