უნდა ველოდოთ თუ არა თხილის ფასის ზრდას საქართველოში?

თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 90 ათასზე მეტი ფერმერი იყო ჩართული.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოში თხილის ფასი ხარისხის ზრდასთან ერთად მოიმატებს, ამჟამად ბაზარზე ნაადრევად ჩამოყრილი მოსავლის ჩაბარება ხდება, განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.
გასულ წელს დაახლოებით 115 მლნ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა.

„დღევანდელი ფასები არ არის საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს კრეფის პროცესი. ის, რა თხილიც მიიტანეს სარეალიზაციოდ, არის ცუდი ხარისხის, ანუ ჩამოყრილი თხილი, რომელიც ადრე ჩამოიყარა. ბუნებრივია, ის ხარისხიანი არ იქნება", – განაცხადა შალამბერიძემ ჟურნალისტებთან.

სოფლის განვითარების სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, თხილი ჯერ გააშრონ და შემდეგ ჩააბარონ საწარმოებში, რადგან საწარმოებს ძალიან სჭირდებათ ხარისხიანი თხილი.
„ჩვენი მოლოდინია, რომ ამ სეზონზე თხილი იქნება რაოდენობრივად მეტი და ხარისხიც იქნება მაღალი, შესაბამისად, ჩვენი ფერმერებისთვის ფასებიც მისაღები გვექნება”, – განაცხადა შალამბერიძემ.
მისი თქმით, თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იყო 90 ათასზე მეტი ფერმერი, რომლებმაც ჰექტარზე 500 ქულა მიიღეს, რაც შემდეგ პესტიციდებისა და სასუქებისთვის აგრომაღაზიებში გაანაღდეს.
რა აკლია მეთხილეობას საქართველოში - ექსპერტის მოსაზრება>>>
შალამბერიძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამამ ფერმერებს შესაძლებლობა მისცა, თხილის მოვლისთვის საჭირო ყველა საშუალება უფასოდ მიეღოთ.
დარგის ხელშეწყობა
საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერი, რომელიც ფლობს 0,2-დან 3 ჰექტრამდე ფართობის თხილის პლანტაციას, 1 ჰექტარზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.
ფინანსური დახმარების მისაღებად მეთხილე ფერმერებს თხილის ბაღები 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდში უნდა დაერეგისტრირებინათ, მოგვიანებით ვადა 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა.