თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. მცხეთასთან, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდის ჩამოშლის შედეგად არავინ არ დაშავებულა და მონასტერი არ დაზიანებულა, ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
შიომღვიმის მონასტრის უკანა მხარეს 200 მეტრის სიმაღლიდან კლდის ფერდი ჩამოიშალა, რა დროსაც იქ უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„შიომღვიმის მონასტრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა მონასტერი. როგორც ირკვევა, მონასტრის მიმდებარე კლდიდან პერიოდულად ხდება ხოლმე ქანების ჩამოშლა. ხოლო წელს კი შედარებით მასშტაბურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საპატრიარქოს განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები.
ადგილზე იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, რომლის თქმითაც, ადგილზე ელოდებიან გეოლოგებს, რომლებიც არსებულ ვითარებას შეისწავლიან.
„ჩამოშლილ მასას რაიმე დაზიანება და გზის ჩახერგვა არ გამოუწვევია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები, ასევე სამაშველო სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მონასტრის წინამძღვრებთან კოორდინირებული მუშაობით ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს. ველოდებით გეოლოგებს, რომლებიც შეისწავლიან არსებულ ვითარებას“, - განაცხადა ენუქიძემ და დაადასტურა, რომ ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა და შენობა-ნაგებობა არ დაზიანებულა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
ამ ზაფხულს მთელი საქართველოს მასშტაბით მეწყრული პროცესები გააქტიურდა.
ასანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიომღვიმის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. შიომღვიმის მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს.
შიომღვიმის მონასტერი ქალაქ მცხეთიდან ცხრა კილომეტრში, მთაში მდებარეობს. ის ისტორიული ძეგლია, რომელსაც ყოველთვის ბევრი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს.
მონასტერი ზღვის დონიდან დაახლოებით 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი 560 წლის შემდეგ დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ წმინდა შიომ. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონასტერია მცხეთისა და თბილისის მიდამოებში.