თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე პერიოდში 10,3%-ით შემცირდა და 132,7 ათასი შეადგინა, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ მასალებში.
მთლიანობაში, 2023 წლის 1 აგვისტოსთვის, სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ საქართველოში ოჯახების მთლიანი რაოდენობის 16,7% შეადგინა. ამასთან, 2023 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების საერთო რაოდენობა 11,1%-ით შემცირდა და დაახლოებით 470 ათასი ადამიანი შეადგინა.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიდან 181,4 ათასი არასრულწლოვანია, ხოლო 48,5 ათასი - 6 წლამდე ასაკის ბავშვია. სიღარიბის ზღვარზე მყოფი კიდევ 85,2 ათასი ადამიანი პენსიონერია.
ყველაზე მეტი ღარიბი ოჯახი ცხოვრობს თბილისში - 34,1 ათასი, ქვემო ქართლში - 19,7 ათასი, იმერეთში - 14,9 ათასი. ასეთი ოჯახების ყველაზე მცირე რაოდენობა მცხეთა-მთიანეთის (3,1 ათასი) და სამცხე-ჯავახეთის (3,3 ათასი) რეგიონებშია.
იმავდროულად, თბილისში სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოველი მეშვიდე ოჯახი ცხოვრობს, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და ქვემო ქართლში - ყოველი მეექვსე, ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - ყოველი მესამე.