ტრაგედია შოვში: იდენტიფიცირებულია 29 გარდაცვლილი

მაშველებმა პირველივე დღეებში სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ამ დროისთვის შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 31 ადამიანიდან იდენტიფიცირებულია 29 ცხედარი, განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიური უბედურების ეპიცენტრში უკვე დამუშავებულია მთელი ტერიტორია, ძებნა გრძელდება ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში.
„შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქე არის ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული და ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა ხიდეშელმა.
მისი თქმით, საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიური უბედურების ეპიცენტრში, ისე ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მდინარეების კალაპოტებში.
საძიებ სამუშაოები შოვში
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.

შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები

შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.