თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოში საპენსიო დანაზოგების პორტფელის შეცვლის სურვილი, რომელიც საინვესტიციო რისკების დონით განსხვავდება, ამ დროისათვის სისტემაში ჩართულმა საქართველოს 4 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა, განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ მედიაპლატფორმა BMG-სთან ინტერვიუში.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში 1,4 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული. 6 სექტემბრის ჩათვლით მათ დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელებიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა ეძლევათ.
„სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება, თუმცა მაღალი მომართვიანობა არ არის. ამ ეტაპზე 4 ათას ადამიანამდეა და მომართვიანობა საკმაოდ მცირეა. პორტფელებში გადანაწილება, რასაც კანონი ითვალისწინებს, საკმაოდ ოპტიმალურია", – განაცხადა მელიქიძემ.
მისი თქმით, მოქალაქეების დაბალი აქტივობა იმასთან არის დაკავშირებული, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს ესმით, თუ რასთან არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით პორტფელების განაწილება: 40 წლამდე – მზარდი საინვესტიციო პორტფელი, რომელიც მაღალ რისკთან არის დაკავშირებული; 40-დან 50 წლამდე – შერეული, ანუ საშუალო რისკით; 50 წელი და ზემოთ – სტაბილური საინვესტიციო პორტფელი დაბალი რისკით.
„დაბალი მომართვიანობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხი ინფორმირებული არ არის, არამედ იმას, რომ სწორად არის პორტფელებში გადანაწილებული და მონაწილეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ხდება ეს", – თქვა მელიქიძემ.
კანონის თანახმად, მონაწილეების საუკეთესო ინტერესები რომ იყოს დაცული, იმ მონაწილეს, რომელიც 40 წლამდეა, სასურველია პორტფელში ჰქონდეს ბევრი აქცია, რადგან ისინი ყველაზე კარგი ზრდის მომტანია.
როცა ადამიანს აქვს გრძელვადიანი საინვესტიციო დრო, სასურველია იყიდოს გრძელვადიანი აქციები და ის გრძელვადიან სარგებელს მოიტანს, თქვა მელიქიძემ.
ხოლო რაც შეეხება იმ მოქალაქეებს რომელთა ასაკიც ახლოსაა საპენსიო ასაკთან, სასურველია ნაკლები აქცია ჰქონდეს პორტფელში, რომ მაღალი რისკი არ ატაროს, დასძინა მელიქიძემ.
სიახლის დეტალები
სიახლის თანახმად, ვინც თავად ვერ აირჩევს სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდება სხვადასხვა პორტფელებზე მათი ასაკის შესაბამისად.
ვინც გადაწყვეტს, რომ არაფერი შეცვალოს, სურვილის შემთხვევაში შეუძლია პორტფელი ერთი წლის შემდეგ შეცვალოს. ცვლილებების შეტანა წელიწადში ერთხელ იქნება შესაძლებელი.
ამასთან, დანაზოგის დანაკარგს არცერთი პორტფელი არ ითვალისწინებს, განსხვავდება მხოლოდ საპენსიო აქტივების ზრდის ტემპით.
პორტფელის შეცვლა შეიძლება პირადი ელექტრონული გვერდის მეშვეობით my.pensions.ge, ასევე იუსტიციის სახლებში ან საპენსიო სააგენტოს ოფისში.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.