თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხში, რაზე მუშაობაც პანდემიამდე დაიწყო, პროგრესი არსებობს, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
„მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრია, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. მთლიანად მოდელი შეიცვალა. მოგვიწია დავბრუნებულიყავით დასაწყისში და ის ავიაკომპანია მოგვეძებნა, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ახლა კვლავ ვმუშაობთ. ვისაც უფრენია აშშ-ში, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის“, – განაცხადა დეგნანმა.
გარდა ამისა, ელჩის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებაც, რომელიც, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვისაც და შეერთებული შტატებისთვისაც სასარგებლო იყოს.
„ბუნებრივია, საქართველოსთვისაც კარგია, როცა აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ასეთ დროს ხდება ბაზრის სრული გახსნა. თუმცა ზოგჯერ ეს საქართველოსთვისაა სასარგებლო, ზოგჯერ კი — მეორე ქვეყნისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვისაც და ამერიკისთვისაც სასარგებლო იქნება“, — აღნიშნა დეგნანმა.
როგორც ელჩი აცხადებს, აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს დააკავშიროს ქართული კომპანიები ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან, რაშიც გარკვეული წარმატებები შეინიშნება.