თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მახსოვს, რომ კელი დეგნანი მოგვიწოდებდა ელექტრონული არჩევნების დამკვიდრებისკენ, გავიდა ერთი წელი და ახლა ამბობს, რომ აშშ-შიც არის ამის პრობლემა, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა.
„უშუალოდ კელი დეგნანი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში ელექტრონული არჩევნების დამკვიდრების საქმეში. მახსოვს ეს ამბავი, რომ ეს ქალბატონი მოგვიწოდებდა ამისკენ. გავიდა ერთი წელი და ახლა ამბობს, რომ აშშ-შიც არის ამის პრობლემა. აშშ-ში ელექტრონული წესით არჩევნების პრობლემა კი არაა, იქ იყო ფოსტით გაგზავნილი ხმების პრობლემა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მანამდე აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ელექტრონული არჩევნების სისტემას შეეხო, რომელიც საქართველოში დაინერგა.
მისი თქმით, აშშ-ის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ელექტრონული არჩევნების სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება "სუფთა და სამართლიანი". ამ სისტემით ასევე შესაძლებელია მანიპულირება, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ზოგიერთ ქვეყანაში გარკვეული გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს არ არის საუკეთესო სისტემა, რადგან მას გარკვეული შეზღუდვები ახლავს.