მეხანძრე-მაშველებისთვის ახალი სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა შეიძინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პირადი შემადგენლობის ევროპული სტანდარტების სპეციალური ფორმებით, აღჭურვილობითა და ავტოტექნიკით მომარაგებას კვლავაც გააგრძელებს.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მეხანძრე-მაშველებისთვის დაახლოებით 3,5 მლნ ლარის ღირებულების 1 ათასი ერთეული ცეცხლმედეგი ფორმა და სპეციალური აღჭურვილობა შეიძინა, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სპეციალური ტანსაცმელი საერთაშორისო EN-სტანდარტს შეესაბამება.

„დღეს შევიძინეთ ათასი წყვილი ცეცხლმედეგი ფორმა, რომელსაც ჩვენი მეხანძრე-მაშველები ურბანული ხანძრების დროს იყენებენ. ეს არის სპეციალური აღჭურვილობა. გარდა ამისა, მინდა მოგახსენოთ, რომ აქტიურად გრძელდება ავტოპარკის განახლება და ეს არის მუდმივი პროცესი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ პირადი შემადგენლობის ევროპული სტანდარტების სპეციალური ფორმებით, აღჭურვილობითა და ავტოტექნიკით მომარაგებას კვლავაც გააგრძელებენ.
გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების სამსახური სისტემისთვის მუდმივად ახორციელებს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.