მაშველები შოვში კიდევ ორ ადამიანს ეძებენ: ძებნის არეალი გუმათჰესამდე გაფართოვდა

სტიქიის ზონაში დღეს მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 31 ადამიანია გარდაცვლილი.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა იმედი არ გადაიწურება. განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა.
შოვში ამ დროისათვის კიდევ ორ ადამიანს ეძებენ. მღებრიშვილის თქმით, გაკეთდება მაქსიმუმი იმისთვის, რომ ისინი იპოვონ.

„გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე საბოლოოდ არ ამოიწურება ყველანაირი იმედი და სამუშაოების გაგრძელებას აზრი აღარ ექნება“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

სტიქიის ზონაში დღეს მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შესაბამისად, ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 31 ადამიანია გარდაცვლილი.
„დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე ცალკე ერთი ადამიანის ფრაგმენტი“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მისი თქმით, საძიებო სამუშაოები გრძელდება გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიამდე.
„ჩვენ გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიამდე გავაფართოვეთ საძიებო სამუშაოები. უშუალოდ გუმათჰესის დაგუბებაშიც დღეს ორი მცურავი საშუალებით, ნავით ვაკეთებთ შემოვლებს. მთელ ამ პერიმეტრზე მიმდინარეობს როგორც ფეხით, ისე ნავებით, კინოლოგების დახმარებით ძებნა-შველის ღონისძიება“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
მღებრიშვილის თქმით, მაშველების მიერ მდინარის კალაპოტებში უამრავი პირადი ნივთია ნაპოვნი.

„კალაპოტებში ძალიან ბევრი პირადი, საყოფაცხოვრებო ნივთია ნაპოვნი – პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა და ა.შ. ასე რომ, არის ალბათობა, რომ მდინარის კალაპოტებში ვნახოთ როგორც დაკარგულები, ასევე ჩვენთვის საინტერესო სხვადასხვა ნივთი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

სტიქიური უბედურების ზონაში მობილიზებულია დაახლოებით 80 ერთეული მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა – შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.

შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები

შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.