ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

ეს მონაკვეთი კახეთის ერთ-ერთი მთავარი გზის ნაწილია. პროექტის ღირებულება 87,8 მილიონი ლარია.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ბაკურციხე–წნორის 16,6 კილომეტრიანი შემოვლითი გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტზე მიწაყრილის მოწყობა, სახიდე გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა და კერძო ნაკვეთებისთვის და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის რკინა-ბეტონის სარწყავი არხების მშენებლობა, აღნიშნულია განცხადებაში.
გზის ეს მონაკვეთი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გზის ნაწილია (თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი), რომელსაც სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობა ახასიათებს. ამჟამად მოქმედი გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის, ამიტომ გახდა საჭირო შემოვლითი გზის მშენებლობა.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა
პროექტის მიხედვით, აშენდება ორზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა და 6 ხიდი. პროექტის ღირებულება 87,8 მილიონი ლარია. მისი რეალიზება აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და ის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი–აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზის ახალი მონაკვეთი გახდება.
ეს გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და მიმდებარე ექვს სოფელს (ბაკურციხე, კარდენახი, ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, საქობო).
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა
შესაბამისად, ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს აღარ დასჭირდება ბაკურციხიდან წნორამდე სოფლების გავლა, არამედ შემოვლითი გზით ისარგებლებს.
ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.