ალტერნატიული მარშრუტი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე რემონტია

ახალი სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლა ტვირთების დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. „აზერბაიჯანის რკინიგზის" შვილობილმა კომპანია ADY Container-მა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ქართულ მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით ტვირთების მიმწოდებლებს ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
ADY Container-ის ინფორმაციით, ახალი მარშრუტი თურქული პორტებიდან (დერინჯე, მერსინი, ალსანჯაკი, მარპორტი, ევიაპი) ქართულ პორტებში (ფოთი, ბათუმი) ტვირთების მიწოდებას ითვალისწინებს.
შემდეგ კონტეინერები გადაიტვირთება პლატფორმებზე და რკინიგზით ბაქოს პორტში გაიგზავნება. ტვირთები მერე გადანაწილდება ყაზახეთის პორტ აქტაუში და თურქმენეთის პორტ თურქმენბაშში, იქიდან კი რკინიგზით გაიგზავნება დანიშნულების ადგილებზე ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
კომპანიის ინფორმაციაში მითითებულია, რომ ახალი სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლა უზრუნველყოფს ტვირთების დროულ მიწოდებას და მიწოდების ჯაჭვის მთლიანობას.