უცხოელი საქართველოში „კეტამინის" დიდი პარტიის შემოტანას ცდილობდა

აკრძალული ნივთიერება მგზავრს ბარგში მოწყობილ სამალავში ჰქონდა მოთავსებული.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. თბილისის აეროპორტის საბაჟო-გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა უკრაინის მოქალაქეს 9 კილოგრამზე მეტი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება Ketamine აღმოუჩინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით (9,3 კგ) ნივთიერება უკრაინის მოქალაქის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად იქნა აღმოჩენილი. „კეტამინი" სამალავში 3 შეკვრად დაფასოებულ პოლიეთილენის შეფუთვებში იყო მოთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.