თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოში იმატა ნაწლავური ინფექციების შემთხვევებმა და ეს ზაფხულის სეზონზე ბევრი ადამიანის თავმოყრას, ასევე კვების ობიექტებში სანიტარიული ნორმების დაუცველობას უკავშირდება, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
მისი თქმით, ბევრი ბრუნდება კურორტებიდან დიარეასთან დაკავშირებული პრობლემებით – ფაღარათით, გულისრევით, ტემპერატურით და ა.შ.
„ეს ზაფხულის სეზონზე ჩვეულებრივია, განსაკუთრებით კურორტებზე... ნაწლავური ინფექცია მარტივად ვრცელდება. რეკომენდაციაა, რომ როდესაც კურორტზე ვიმყოფებით, მივიღოთ ბოთლის წყალი ან დარწმუნებული ვიყოთ წყლის სისუფთავეში. მოერიდეთ ისეთ პროდუქტს, რომლის სისუფთავეშიც არ ხართ დარწმუნებული, მაგალითად, სალათები", – განაცხადა ბუწაშვილმა პრეს-ცენტრ „მთავარში".
მან განმარტა, რომ როდესაც კვების ობიექტები გადატვირთულია, ხშირად პროდუქტებს კარგად არ რეცხავენ.
ბუწაშვილის რეკომენდაციაა, დიარეის დროს ადამიანებმა მიიღონ ბევრი სითხე, არ მიიღონ ხილის წვენები, ჭამონ მოხარშული საკვები და არ დაიწყონ თვითმკურნალობა, კერძოდ, არ დალიონ ანტიბიოტიკები, რამაც დიარეის დროს შეიძლება ორგანიზმს ავნოს.