რა განიხილეს საქართველოს და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში

ლაბიბის ვიზიტის მიზანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა – ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობა - ეს და სხვა საკითხები განიხილეს თბილისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და მისმა ბელგიელმა კოლეგა აჯა ლაბიბიმ, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი აჯა ლაბიბი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, თბილისში სომხეთიდან ჩამოვიდა. ოთხი დღის განმავლობაში მინისტრმა უნდა მოინახულოს სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ბელგიელ კოლეგა აჯა ლაბიბისთან
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე.
ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ბელგიელ კოლეგა აჯა ლაბიბისთან
ილია დარჩიაშვილმა კოლეგას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ბელგიელ კოლეგა აჯა ლაბიბისთან
აღინიშნა ბელგიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2023 წელს ბელგიის კულტურული ფესტივალი „ევროპალია” საქართველოსა და ქართულ კულტურას მიეძღვნება, რაც კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობისა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ბელგიელ კოლეგა აჯა ლაბიბისთან
ლაბიბის ვიზიტის მიზანია, ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა და იმ კავშირების გაძლიერება, რომელიც ქვეყნებს აერთიანებს.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ბელგიელ კოლეგა აჯა ლაბიბისთან
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს
საქართველომ და ბელგიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს.
ყოფილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი აჯა ლაბიბი ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 2022 წლის ივლისში დაინიშნა.