ქუთაისის აეროპორტი ორი დღით დაიკეტება

ავიაკომპანიებმა ცვლილების შესახებ ინფორმაცია მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე აცნობეს.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მგზავრებისთვის დაიკეტება 3 სექტემბრის 7:00 საათიდან 5 სექტემბრის 5:00 საათამდე, ნათქვამია აეროპორტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნულ პერიოდში დაგეგმილი ფრენები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება.

„2023 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავიაკომპანიებმა ცვლილების შესახებ ინფორმაცია მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე აცნობეს.
მგზავრების თბილისიდან ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანია „ომნიბუს ექსპრესი“ (Omnibus Express) უზრუნველყოფს.
მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში - ახალი სტატისტიკა >>
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის 7 თვეში 856.646 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის პერიოდს 90%-ით აღემატება. ისტორიულ მაქსიმუმზეა 7 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის აეროპორტი 2590 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 76%-ით მეტია.
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
აეროპორტში აღნიშნეს, რომ ფრენების უსაფრთხოების მიზნით მუდმივად ხდება საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის შემოწმება.
მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია. აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.