თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლაქტობაქტერიები ხელს უწყობს ალკოჰოლის მოხმარების შედეგად დაზიანებული ღვიძლის აღდგენას. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Journal of Medicinal Food.
როგორც ცნობილია, ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ისეთი დაავადებების განვითარებისთვის, როგორებიცაა:
ღვიძლის ქრონიკული დაავადება;
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება;
სტეატოზი;
ციროზი;
ღვიძლის კიბო.
ჩინელმა სწავლულებმა იუჰუა ბანომის ხელმძღვანელობით ექსპერიმენტი ჩაატარეს თაგვებზე და დაადგინეს, რომ ლაქტობაქტერიები Lactobacillus rhamnosus სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს არა მარტო ნაწლავურ მიკროფლორაზე, არამედ ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღებით დაზიანებული ღვიძლის აღდგენაც შეუძლია.
მეცნიერები კვლევის დროს თაგვებს 8 კვირის განმავლობაში ასმევდნენ ალკოჰოლს, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კი L. rhamnosus-ის (LGG) გრანულებს აძლევდნენ სხვადასხვა დოზებით. ეს გრანულები შედგებოდა სახამებლის, მშრალი უცხიმო რძის, რძის შრატის ფხვნილის, მიკროკრისტალური ცელულოზის, მალტოზისა და L. rhamnosus-ის ფერმენტირებული სითხისგან.
შედეგებმა აჩვენა, რომ 8 კვირიანმა ალკოჰოლის ქრონიკულმა მოხმარებამ თაგვებში ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების შემცირება გამოიწვია, გაიზარდა ნაწლავის pH მაჩვენებელი (დაქვეითდა მჟავიანობა) და დაფიქსირდა პათოგენური მიკრობების სწრაფი ზრდა. LGG-ს მოხმარებამ კი აღმოფხვრა ალკოჰოლური დისბაქტერიოზი, შეამცირა ცხიმების დაგროვება და ანთება ღვიძლში.
მკვლევარების თქმით, ლაქტობაქტერიები, რომლებიც პრობიოტიკებში შედის, არეგულირებს ნაწლავურ მიკრობიოზს და აუმჯობესებს ადგილობრივ იმუნიტეტს, აძლიერებს ნაწლავის ბარიერულ ფუნქციას, აუმჯობესებს მისი კედლის ლორწოვანი შრის იმუნურ სისტემას და ღვიძლში ლიპიდურ ცვლას.
კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალი მედიკამენტების შექმნას ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.
ლაქტობაქტერიები შედის ისეთი რძემჟავა პროდუქტების შემადგენლობაში, როგორებიცაა: იოგურტი, კეფირი, მაწონი, დო, არაჟანი, ხაჭო, ყველის რბილი სახეობები.