თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. თურქეთი არ აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებებს მარცვლეულის გარიგების შესახებ, როგორც ამას დასავლური მედია წერს, განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ წყარომ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.
წყაროს თქმით, ანკარის ინიციატივები და მიზნები უკიდურესად ღიაა და პარტნიორები მათ შესახებ ინფორმირებული არიან.
„ჩვენ ინფორმირებული ვართ დასავლური მედიით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, თითქოს რაღაც საიდუმლო, კულისებს მიღმა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. <...> ჩვენი ინიციატივები, ჩვენი მიზნები უკიდურესად ღიაა და ნათელი — შევაჩეროთ სასურსათო საფრთხე გაჭირვებულ ქვეყნებში. სხვა მიზნები თურქულ მხარეს არ აქვს. <...> ყველა ეს პუბლიკაცია თურქეთის ძალისხმევების დემონიზაციას ემსახურება“, — უთხრა სააგენტოს წყარომ.
მისი თქმით, ანკარა ღია და გულწრფელ დიალოგს აწარმოებს ყველა მხარესთან, რომლებმაც კარგად იციან თურქეთის მიზნები.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი განიხილავს გარიგებაში დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მასში მონაწილეობის ყველა პრინციპი განხორციელდება.