თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. გასაშვილებელის სტატუსი დღეის მდგომარეობით საქართველოში 146 ბავშვს აქვს, რომელთაგან 111 შეზღუდული შესაძლებლობების ან განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვია, ნათქვამია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებში.
ბოლო 6 თვეში საქართველოში შვილად 22 ბავშვი აიყვანეს, მათგან ორი შშმ პირია. ამასთან, ბავშვის აყვანის მსურველთა რაოდენობა 2.153 ადამიანს შეადგენს.
2022 წელს საქართველოში გასაშვილებელის სტატუსი 154 ბავშვს ჰქონდა. აქედან ოჯახი 39-მა შეიძინა, სულ სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ 1.429 ბავშვი იმყოფება, რომელთაგანაც 382 შშმ პირია.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დიდი ბავშვთა სახლებისა და პანსიონატების რეფორმა განახორციელა. 2021 წელს, სახელმწიფო მზრუნველობის სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობით, კოჯორში შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ბავშვთა სახლი დაიხურა. ბავშვები იქიდან ორ მცირე საოჯახო ტიპის სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გასულ წელს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლმაც ოფიციალურად შეწყვიტა ფუნქციონირება. მისი ბენეფიციარები ორ ახალ მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადანაწილდნენ.
საოჯახო ტიპის სახლები შშმ პირებისთვის სრულად არის ადაპტირებული. გარდა ამისა, ამ სახლებში შექმნილია ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობები. თითოეული სახლი შვიდ ბავშვზეა გათვლილი.