სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი ამოიღეს

სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასული შოკოლადის რეალიზაცია თბილისის სავაჭრო ქსელში ხდებოდა.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში შოკოლადის ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში ორი ადამიანია მიცემული, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს აკრავდნენ ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს, რის შემდეგაც ახდენდნენ მათ რეალიზაციას თბილისის სავაჭრო ქსელში.
უწყების ცნობით, სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულ იქნა ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკროორგანიზმებს.
სამართალდამცველების მიერ ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85.000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულია.
ორივე პირი პასუხისგებაში მიეცა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.