„პოლიტიკითაა გაჟღენთილი" - დეპუტატი საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებაზე

კელი დეგნანის თქმით, აშშ-ში პრაქტიკამ აჩვენა, რომ ელექტრონული არჩევნების სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება „სუფთა და სამართლიანი".
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება ელექტრონული არჩევნების სისტემის შესახებ და მოწოდება ქართველი ხალხისადმი, მოვიდნენ არჩევნებზე და დაიცვან თავიანთი ხმები, პოლიტიკითაა გაჟღენთილი და რევოლუციური სცენარისკენ მოწოდებაა, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
„რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში დეგნანი ელექტრონული არჩევნების სისტემას შეეხო, რომელიც საქართველოში დაინერგა. მისი თქმით, აშშ-ის პრაქტიკამ აჩვენა, რომ სისტემა გარანტიას არ იძლევა, რომ ყველაფერი „სუფთად და სამართლიანად" იქნება, ამ სისტემით ასევე შესაძლებელია მანიპულირება, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.

„ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება თავიდან ბოლომდე პოლიტიკითაა გაჟღენთილი. მოწოდებაა, რომელსაც, როგორც წესი, პოლიტიკური პარტია აკეთებს ხოლმე – "გამოდით არჩევნებზე, დაიცავით თქვენი ხმა!"... ეს უკვე არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს", – განაცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საარჩევნო კოდექსში შესწორებების მიღებამდე ყველა იმაზე მიუთითებდა, რომ ხმების დათვლის ელექტრონული სისტემა რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა არჩევნების გაყალბების პრობლემა და შედეგები მყისიერად გამოცხადდებოდა.
„ეს სისტემა მიღებულია, მაგრამ ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ამ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო", – განაცხადა ქადაგიშვილმა.
„ქალბატონო ელჩო, მავნებელი ხართ“ - პარლამენტის დეპუტატი კელი დეგნანზე>>
მანამდე დეგნანის განცხადება გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ და დიპლომატს მავნებელი უწოდა. ზარქუას თქმით, დეგნანი ვერ შედგა, როგორც ელჩი, ხოლო ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას მან ვერ გაითვალისწინა, რომ იყო არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი.
კელი დეგნანის უფლებამოსილება მალე იწურება, მის ადგილზე უკვე რობინ დანიგანია დანიშნული.