იყავით ყურადღებით: დასახელდა კიბოს ადრეული ნიშნები

Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. კიბოს უჯრედები სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, მათ შორის პირის ღრუშიც, წერს გამოცემა Express ბრიტანელ სპეციალისტებზე დაყრდნობით.
Cancer Research UK-ს ექსპერტები განმარტავენ, რა ნიშნები შეიძლება მეტყველებდეს პირში კანცეროგენული დაავადების ჩამოყალიბებაზე.
მათი თქმით, ავთვისებიანი წარმონაქმნები შეიძლება განვითარდეს ენაზე ან მის ქვეშ. ენის კიბოს განვითარების ძირითად ფაქტორად მიიჩნევა თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის სმა, ასევე ადამიანის პაპილომავირუსით (HPV infection) ინფიცირება.
ბრიტანელი სპეციალისტების რეკომენდაციით, აუცილებელია ადამიანმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, თუ ენაზე შენიშნა:
წითელი ან თეთრი ლაქა, რომელიც არ ქრება;
წყლული ან ბურთულა, რომელიც არ ქრება;
უმიზეზო სისხლდენა, რომელიც არ უკავშირდება ენაზე კბენას ან სხვა რომელიმე მექანიკურ ტრავმას.
გარდა ამისა, პირის ღრუში კიბოს განვითარებაზე შეიძლება მიანიშნებდეს:
ყელის გამუდმებული ტკივილი;
ტკივილი ყლაპვის დროს;
პირის გამუდმებული დაბუჟება;
ყურის ტკივილი.
ამასთან ექიმები წერენ, რომ თამბაქოს მოწევაზე პირის ღრუს კანცეროდაავადებების რისკის 60% მოდის, ალკოჰოლზე − 30 პროცენტი, დანარჩენი კი ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) ინფიცირებაზე.
სპეციალისტების განმარტებით, HPV-ს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ცვლილებები პირის ღრუსა და ყელში, რომლებიც შემდგომში კიბოდ გარდაიქმნება.

„HPV-ს გაჩენა პირში შესაძლოა უკავშირდებოდეს გარკვეულ სექსუალურ ქცევებს, ისეთებს, როგორიცაა ორალური სექსი, ასევე მრავალრიცხოვან სექსუალურ პარტნიორებს“, − განაცხადეს Cancer Research UK-ში.

ამასთან აღინიშნება, რომ ვირუსი „ძალიან გავრცელებულია“ და ის, როგორც წესი, არ აყენებს ზიანს. არსებობს ვირუსის ასობით შტამი, რომელთაგან მხოლოდ 13 იწვევს კიბოს.