ცესკოს თავმჯდომარემ ელექტრონული სისტემით არჩევნების ნაკლოვანებებზე დეგნანს უპასუხა

გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების სისტემის დანერგვისა და მისი მაქსიმალური გამჭვირვალობის შესახებ, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ელექტრონული არჩევნების სისტემას შეეხო, რომელიც საქართველოში დაინერგა. მისი თქმით, აშშ-ის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ელექტრონული არჩევნების სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება „სუფთა და სამართლიანი". ამ სისტემით ასევე შესაძლებელია მანიპულირება, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.

„სრულად ვიზიარებთ, რომ ამომრჩეველთა ინფორმირება, განათლება, ცნობიერების ამაღლება სასიცოცხოლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესისთვის და ამის დასტურია ცესკოს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა აქტივობა", – განუცხადა ჟურნალისტებს კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ამ დროისათვის საარჩევნო ტექნოლოგიები შეასწავლეს 15 ათასზე მეტ მოხალისეს და ეს პროცესი კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდება.
„პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება და ფართო მასშტაბებს შეიძენს დარჩენილ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. პროცესს ზურგს უმაგრებს ცესკოს მიერ სხვადასხვა წლებში ჩატარებული შვიდი საპილოტო პროექტი და ის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩვენ ამ პროექტებიდან და ტექნოლოგიებიდან გამომდინარე მივიღეთ", – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარის თქმით, გათვალისწინებულია საკანონმდებლო ნორმა, რომელიც აზღვევს მთელ რიგ საკითხებს და უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას, როგორიც არის, მაგალითად, გადათვლები.
„პოლიტიკითაა გაჟღენთილი" - დეპუტატი საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებაზე>>
კალანდარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას აცხადებს.
„ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და მივესალმებით ნებისმიერ მხარდაჭერას, რომელიც უწყებას ამ მიმართულებით ექნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან", – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამავე დროს, კალანდარიშვილის თქმით, ელჩი დეგნანის განცხადება გარკვეული ინტერპრეტაციების საგანი და საფუძველი გახდა.

„მინდა მოვუწოდო ყველა ჩართულ მხარეს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ დავაზიანებთ ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ საარჩევნო პროცესს და ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი ჩართულობითა და მონაწილეობით უზრუნველვყოთ ქვეყანაში მაღალი სტანდარტების შესაბამისი, პროფესიული დონის არჩევნების ჩატარება", – განაცხადა კალანდარიშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
„ქალბატონო ელჩო, მავნებელი ხართ“ - პარლამენტის დეპუტატი კელი დეგნანზე>>
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს.
ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 90% ხმას ელექტრონულად მისცემს>>
მანამდე დეგნანის განცხადება გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ და დიპლომატს მავნებელი უწოდა. ზარქუას თქმით, დეგნანი ვერ შედგა, როგორც ელჩი, ხოლო ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას მან ვერ გაითვალისწინა, რომ იყო არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი.
კელი დეგნანის უფლებამოსილება მალე იწურება, მის ადგილზე უკვე დაინიშნა რობინ დანიგანი.