200-ზე მეტი კინემატოგრაფისტი კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს

განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ კინოცენტრის დირექტორი გამჭვირვალე და საჯარო პროცესით უნდა იყოს არჩეული.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. კინემატოგრაფისტები ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებენ.
2023 წლის 11 ივნისს კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე კობა ხუბუნია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კინოინდუსტრიის ბევრი წარმომადგენლის კრიტიკა დაიმსახურა. ახალი უფროსის დანიშვნით უკმაყოფილო პირთა აზრით, ამან შეიძლება კინოინდუსტრიაში ცენზურა დაამკვიდროს.
როგორც კინემატოგრაფისტების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პროტესტის ნიშნად კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„პროტესტის ნიშნად ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისკენ მიჰყავს", – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.
კინემატოგრაფისტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ამჟამად 225 ხელმომწერი ჰყავს. მათ შორის არიან რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები, ოპერატორები, კინოსტუდიების წარმომადგენლები და სხვ.
თვეზე მეტია კინოცენტრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროსთან აქციებს მართავენ.