თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. წონის პრობლემების მქონე პაციენტები კუჭის რეზექციას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაიტარებენ, თუ ამისათვის სერიოზული ჩვენება ექნებათ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, რომელმაც აღნიშნული ოპერაციის ჩატარების გამკაცრება დააანონსა.
ბარიატრიული ოპერაცია ესაა ჭარბწონიანობის მკურნალობა ოპერატიული ჩარევის საშუალებით. გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ჭარბი წონა არის არამხოლოდ უსიამოვნო პრობლემა, არამედ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობისთვის, ხოლო კონსერვატიული მედიცინის და დიეტოლოგიის მეთოდები უკვე უშედეგოა, ქირურგიულ ჩარევას ირჩევენ.
„სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტების მიხედვით, მკაცრად განვსაზღვრეთ წესი, თუ როდის შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა. თუ პაციენტს აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ., მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ბარიატრიული ოპერაცია იწვევს წონის არსებით კლებას (80%) და როგორც თანმდევი შედეგი, ჭარბწონიანობის თანმდევი დაავადებებისგან განკურნებას. ამ მეთოდს იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მკურნალობის პროცესში წონის კორექციის თერაპიული მეთოდები არაეფექტურია.