თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ომიკრონ–შტამის ახალი ვარიანტი EG.5 შესაძლოა უკვე საქართველოშია, მაგრამ ინფიცირება ლაბორატორიულად ჯერ არ დადასტურებულა, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
პარასკევს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უარყო ინფორმაცია ქვეყანაში კორონავირუსის ომიკრონ–შტამის ახალი ვარიანტის EG.5 გამოვლენის შესახებ.
„სავარაუდოდ, EG.5 ქვევარიანტი, შესაძლოა, უკვე საქართველოშიც იყოს, თუმცა ოფიციალურად (ლაბორატორიულად) იგი ჯერ არ დადასტურებულა და, შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ამ ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში COVID ახალი შემთხვევების 50%, ჯერ არ შეიძლება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ცერცვაძემ.
მისი თქმით, კოვიდ-პანდემია დასრულდა, მაგრამ COVID-19, როგორც ჩვეულებრივი ინფექცია, არსად წასულა.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით 4 ათასი ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მთავარი ინფექციონისტის თქმით, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც გაიზარდა. მაგრამ სიკვდილიანობა კვლავაც მინიმალურ დონეზეა (ერთი შემთხვევა თვეში) და ისიც დაგვიანებული მკურნალობის გამო.
„კოვიდ-პაციენტების სწორი მართვისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ქვევარიანტით არის ის ინფიცირებული, რადგან პაციენტის მართვის პრინციპები სხვადასხვა ქვევარიანტით ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან“, - განაცხადა ცერვაძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა საიმედოდ აკონტროლებს ეპიდვითარებას, ხოლო COVID-ზე ტესტირება ფართოთ ხელმისაწვდომია.
„ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია, იყოს მშვიდად. მისი COVID უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, მაგრამ სიფხიზლე არასდროსაა ზედმეტი“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა და შესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები, აღნიშნა ინფექციონისტმა.
ჯანმომ ყურადღება გაამახვილა კორონავირუსული ინფექციის ახალი ვარიანტის – EG.5-ის გავრცელების ზრდაზე. ქართველი ინფექციონისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველო ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვვა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. ინფექციას ქვეყანაში 16.811 ადამიანი შეეწირა.