თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში მამაკაცმა ცივი იარაღით საკუთარი ცოლი მოკლა, პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს სოფელ სადახლოში ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევა შაბათს, 19 აგვისტოს მოხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.