თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისამდე პერიოდში სახელმწიფომ ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია 28 ადამიანს დაუფინანსა, დაფინანსებამ 3 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში 2022 წლიდან მოქმედებს ორგანოთა ტრანსპლანტაციის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, სახელმწიფო ამ ოპერაციების ხარჯებს სრულად ფარავს. გამონაკლისს წარმოადგენს აჭარის და თბილისის მოსახლეობა, მათი ოპერაციების დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება.
პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს 22 ადამიანის ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია 2,495 მლნ ლარით დაფინანსდა.
პროგრამა მოიცავს როგორც უშუალოდ გადანერგვას, ისე მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წინა კვლევებს.