თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სასაკლაოებმა 2023 წლის მეორე კვარტალში 14,5 ათასი ტონა ხორცი (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით) აწარმოეს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მიერ სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის შედეგებში.
წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობიდან 30,4% მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე მოდის, 42,7% – ფრინველზე, 25,3% – ღორის ხორცზე, 1,6% – ცხვრისა და თხის ხორცზე.
სტატისტიკის მიხედვით, აპრილიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებდა 126 სასაკლაო. აქედან 19% მდებარეობს კახეთში, 17,5% - ქვემო ქართლში, 15,1% – იმერეთში, 13,5% – შიდა ქართლში, 11,1% – სამეგრელო–ზემო სვანეთში, 23,8% – სხვა რეგიონებში.
კვლევის შედეგების თანახმად, სასაკლაოებში დაიკლა 115,5 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 38,2% იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 50,5% – ღორი, ხოლო 10,4% – ცხვარი და თხა. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0,9%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3,5 მილიონი ფრთა იყო.
საანგარიშო პერიოდში მოემსახურნენ 13,7 ათას ადამიანს, საიდანაც 37% იყო საოჯახო მეურნეობების სახით წარმოდგენილი. სასაკლაოებში საშუალოდ თვეში 1.065 ადამიანი იყო დასაქმებული.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 33,8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 12,7 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 30 ლარი.
სამაცივრე მეურნეობები
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში მოქმედებდა 202 სამაცივრე მეურნეობა, რომელთაგან უმრავლესობა (51%) შიდა ქართლში მდებარეობს.
მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე არის თბილისში (11,9%), კახეთში (9,9%), სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში (8,4%), იმერეთში (5,4%), ქვემო ქართლში (5,4%), აჭარაში (4%), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (2%) და 1%-1% გურიასა სამცხე-ჯავახეთში.
2023 წლის მეორე კვარტალში მომსახურება გაეწია 312 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 881 შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა თვეში 1,3 ათასი კაცით განისაზღვრა.
აპრილ-ივნისში მაცივრებში შენახული იყო 67,7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 46,7% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25,2% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 12,4% – თევზეული, 8,4% – ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
გარდა ამისა, სამაცივრე მეურნეობებში რეალიზებულია 113,5 მლნ ლარის 20,4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის საზღვარგარეთ გაყიდულია 6,8 მლნ ლარის ქათმის ხორცი, თევზი, ბოსტნეული და ხილი.
მომსახურების შედეგად შემოსავალმა 5,8 მლნ ლარი შეადგინა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 44,3%-ს, მაისში - 51,4%-ს, ხოლო ივნისში - 45,7 პროცენტს.
ელევატორები
2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (10 ერთეული) და ქვემო ქართლის (10) რეგიონებში იყო განთავსებული.
გარდა ამისა, ხუთ-ხუთი ელევატორი სამეგრელო–ზემო სვანეთში და იმერეთში ფუნქციონირებს, სამ-სამი - თბილისსა და შოდა ქართლში, ორი – გურიაში და ერთი აჭარაში.
ამ პერიოდში ელევატორებით ისარგებლა 28 მომხმარებელმა. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 91 შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა თვეში 486 კაცით განისაზღვრა.
მეორე კვარტალში ელევატორებში შენახული იყო 85,4 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 59,2 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. გარდა ამისა, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 66 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2023 წლის I კვარტალში ელევატორების მიერ გაყიდულია 54,4 მლნ ლარის ღირებულების 47,5 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 53,5 პროცენტი საკუთარი წარმოების იყო.
კვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა აპრილში შეადგენდა 49,2 პროცენტს, მაისში – 47,8 პროცენტს, ხოლო ივნისში – 43,6 პროცენტს.
წყარო - საქსტატი