თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე ფერდობის გაწმენდის და დამცავი ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.
სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, როცა ქვათაცვენა გუშინ ცინცაძის ქუჩისკენ გამავალ გვირაბთან არსებული ფერდიდანაც დაფიქსირდა. როგორც მერიაში აღნიშნეს, ამ მონაკვეთზე მსგავსი ფაქტი პირველად მოხდა.
აბუთიძის განცხადებით, ფერდზე არსებული დამცავი ბადე, რომელიც 2010 წელს მოეწყო, თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, რის გამოც ტერიტორიაზე უსაფრთხოების ბადე ახალი მეთოდით მოეწყობა.
„პირველ ეტაპზე მიმდინარეობს კლდის ჩამოწმენდის სამუშაოები. წვიმისა და მზისგან დაზიანებული ქვების ჩამოწმენდის შემდეგ დაიწყება ახალი ბადის მოწყობა, რომელიც მყარ ქანებში ჩაანკერდება“, – აღნიშნა აბუთიძემ.
მისი განმარტებით, სამუშაოების დასრულებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, რომლის დროსაც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ ერთ სამოძრაო ზოლში ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იქნება.
„კლდის ჩამოწმენდის პერიოდში, 05:00-დან 07:00 საათამდე გზა იკეტება, ხოლო უშუალოდ ბადეების მონტაჟს როცა დავიწყებთ, გადაადგილება გზატკეცილზე არსებულ ერთ სამოძრაო ზოლში სრულად შეიზღუდება, რათა ნებისმიერი მცირე შემთხვევისგან, პატარა კენჭის ჩამოვარდნისგანაც ვიყოთ დაცული", – განაცხადა გიორგი აბუთიძემ.
ამასთან, აბუთიძის თქმით, დედაქალაქის მერიამ მიმდინარე წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები არაერთ მისამართზე განახორციელა, რომელთა შორის კოსტავას ქუჩაზე არსებული ფერდის მოწესრიგებაც შედის.