თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ნადირობის წესების დაცვაზე კონტროლი ძლიერდება, ნათქვამია ქვეყნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
ნადირობის სეზონი 2023 წელს 19 აგვისტოს იხსნება და 2024 წლის 1 მარტს დასრულდება. გამონაკლისია ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სადაც სეზონი 26 აგვისტოს დაიწყება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით მონადირეებს 24-საათიან რეჟიმში გააკონტროლებენ.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში. ნადირობისას მონადირეს თან უნდა ჰქონდეს შსს-ს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, ნებისმიერი სახის ხაფანგის, ყულფის, ელექტრონული მოწყობილობების, საწამლავებისა და სხვ. გამოყენება, ასევე ველური ფრინველების კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, მათი ბუდეების, ცხოველების ბუნაგების დანგრევა და ა.შ.
ნადირობა იკრძალება სახელმწიფო ნაკრძალებიდან 500 მეტრ რადიუსში და ეროვნული პარკებიდან 250 მეტრ რადიუსში.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია).
ნადირობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა, დარღვევიდან გამომდინარე, 100 ლარიდან 2 ათას ლარამდე შეადგენს.
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.