თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 13 აგვისტომდე პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში 63%-ით გაიზარდა წინა 28 დღის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ანგარიშში.
ამასთან დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობა 56%-ით შემცირდა.
ანგარიშის თანახმად, სულ აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოში 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 2,3 ათასზე მეტი.
როგორც ჯანმოში განმარტავენ, COVID-19 კვლავაც რჩება დიდ საფრთხედ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა 5 მაისს დასრულდა.
გარდა ამისა, ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა კორონავირუსული ინფექციის ახალი ვარიანტის – EG.5-ის გავრცელების ზრდაზე, რომელიც პირველად 17 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ის უკვე 50 ქვეყანაშია გამოვლენილი. თუმცა ჯანმოში მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ წარმოადგენს დიდ რისკს მოსახლეობისთვის გლობალურ დონეზე.