თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში დელეგაციასთან ერთად გუშინ გაემგზავრა.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.
„მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნებს შორის პარტნიორობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან.
„ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ ისრაელში და, როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან. ამიტომ მიხარია აქ ყოფნა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პირისპირ შეხვედრის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელსა და საქართველოს თბილი ურთიერთობები გააჩნიათ.
„ბევრი ებრაელი ამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში“, – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა.
მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, მომავალი წლიდან კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება.
შეხვედრაზე ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.