თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოში აკვაკულტურის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტად ითვლება, ამიტომ ეს საკითხი საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენელთა შეხვედრაზე მთავარ თემას წარმოადგენდა.
აკვაკულტურა ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსაცავებში, ასევე სპეციალურად შექმნილ საზღვაო პლანტაციებში წყლის ორგანიზმების (თევზების, კიბორჩხალების, მოლუსკებისა და წყალმცენარეების) მოშენებასა და გამრავლებას გულისხმობს.
შეხვედრას, გარდა სამინისტროების წარმომადგენლებისა, ასევე ესწრებოდნენ ფერმერები, რომლებიც ქალაქ ქობულეთში თევზის მოშენებით არიან დაკავებული. სპეციალისტებმა დარგის პრობლემები და შემდგომი პერსპექტივები განიხილეს.
„უკვე მივიღეთ კანონი აკვაკულტურის შესახებ და შევიმუშავეთ ნორმატიული ბაზა, რაც ხელს შეუწყობს დარგის ეფექტიან განვითარებას. ქვეყანას აქვს რესურსი როგორც მტკნარი წყლის, ასევე საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის განვითარების“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.
თავის მხრივ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა სახელმწიფო უწყებებსა და დარგობრივ ფერმერებს შორის აქტიური კომუნიკაცია არსებობდეს. ეს ხელს შეუწყობს აკვაკულტურის სფეროში არსებული საჭიროებების გამოვლენას, მისი პოტენციალის განსაზღვრასა და გამოწვევების დაძლევას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში აკვაკულტურის განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია და ამ დარგის სწრაფი განვითარებისთვის აუცილებელია მისი სტიმულირება.