თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველო და ისრაელი 2024 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეთანხმება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიღწეულია საქართველოსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრების ირაკლი ღარიბაშვილის და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრაზე.
„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დინამიკაში ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, მომავალი წლიდან კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, – ნათქვამია განცხადებაში.
2022 წელს საქართველოს და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ 37,5 მლნ დოლარი შეადგინა.
ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის EFTA-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონკონგთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან.
გარდა ამისა, იგეგმება მოლაპარაკებების დაწყება სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებთან.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია