საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში: ცენტრალური გზატკეცილი სამი დღით დაიკეტება

მძღოლებს შემოვლითი გზებით სარგებლობა მოუწევთ.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯიხაშკარი–ჩხოროწყუს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალება დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპის ჩატარების გამო, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, საუბარია თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 330-ე კილომეტრზე, ასევე ზუგდიდი–ჯიხაშკარი–ჩხოროწყუს გზის 1-ელ კილომეტრზე.
აღნიშნულ მონაკვეთებზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის" ეგიდით და „ბმვ კლუბი საქართველოს" ორგანიზებით დაგეგმილი დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი იმართება. ამასთან დაკავშირებით გზების ამ მონაკვეთებზე 2023 წლის 18 აგვისტოს 11:00 სთ-დან 21 აგვისტოს 14:00 სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მოძრაობის აკრძალვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, ნინოშვილის, გორკის, სართანიას, ბერიას (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯიხაშკარი–ჩხოროწყუს საავტომობილო გზის მონაკვეთი) და ოდიშის ქუჩების გამოყენებით.